შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდაწყების თარიღი: 2026-03-10 დასრულების თარიღი: 2029-03-10
კლასიკური ლოგიკა ჭეშმარიტების მკაცრ ცნებას ეფუძნება და დედუქციის შესაბამისი წესებით მუშაობს, მაგრამ არსებობს რეალური გამოყენების სხვადასხვა სფერო, სადაც უფრო მოქნილი მიდგომაა საჭირო. ასეთ გამოყენებებს მიეკუთვნება, მაგალითად, გადაწყვეტილებების მიღება, ცოდნის წარმოდგენა ან ბუნებრივი ენის გაგება. ამ მოთხოვნებმა საფუძველი დაუდო სხვადასხვა ლოგიკური და ალგებრული სისტემების შექმნას, რომლებიც კლასიკურ ორმნიშვნელობიან ლოგიკას აფართოებენ ჭეშმარიტების, მსგავსების, სიახლოვის, წონის და სხვა ხარისხებით. ასეთი სისტემების მაგალითებია არამკაფიო ლოგიკა, ალბათური ლოგიკა, რაოდენობრივი ალგებრები და სხვ. მათში რაოდენობრივი გამოყვანა ცენტრალურ როლს ასრულებს, რადგან დასკვნა მოითხოვს არა მხოლოდ იმის დადგენას, რაიმე მიმართება სრულდება თუ არა, არამედ იმასაც, თუ რა ხარისხით სრულდება იგი. ეს უახლოვდება ე.წ. ყოველდღიური მსჯელობის ფორმას, სადაც დასკვნები არა ყოველთვის ჭეშმარიტი ან მცდარია, არამედ ჭეშმარიტების გარკვეული ხარისხით ხასიათდება.
ბევრი არსებული მიდგომა რაოდენობრივ ინფორმაციას პირდაპირ უკავშირებს ფორმულას ან დასკვნის წესებს. თუმცა, ისეთ აპლიკაციებში, როგორიცაა დეკლარაციული პროგრამირება ან ლინგვისტური ცნებებით ცოდნის წარმოდგენა, ასეთი მჭიდრო დაკავშირება შეიძლება არაბუნებრივი იყოს. ალტერნატიული მეთოდი, რომელიც "ლოგიკა + ბუნდოვანი ცოდნა + კონტროლი"-ს სახელითაა ცნობილი, ერთმანეთისგან აცალკევებს ლოგიკურ სტრუქტურას, ბუნდოვან ცოდნას და კონტროლის მექანიზმებს და არაზუსტი ინფორმაციის დამუშავებას ახორციელებს სპეციალურად ადაპტირებული გამოთვლითი პროცედურების მეშვეობით. ამ იდეამ გამოიწვია რაოდენობრივი შეზღუდვების ამოხსნის მეთოდების შემოღება და მათი ინტეგრაცია ლოგიკური პროგრამირებისა და ცოდნაზე დაფუძნებული სისტემების თანამედროვე ვარიანტებში, რომელთა გამოყენების სფერო მოიცავს, მაგალითად, ნეირო-სიმბოლურ გამოყვანას ან ბუნებრივი ენების დამუშავებას.
ამ პროექტის მიზანია განავითაროს და განავრცოს რაოდენობრივი მსჯელობის არსებული მეთოდები, შემოიღოს და შეისწავლოს რეზოლუციასა და ტაბლოზე დაფუძნებული გამოყვანის ტექნოლოგია პირველ და მაღალი რანგის ენებში, სადაც ბუნდოვანი ინფორმაცია მოდელირებულია სპეციალური ალგებრული სტრუქტურების, კვანტალების, მეშვეობით. არამკაფიო ლოგიკიდან კვანტალებზე დაფუძნებულ თეორიებზე გადასვლა უფრო ზოგადი სახის რაოდენობრივი მიახლოების ცნებების (მაგ., რესურსის, მანძილის, წვდომადობის, ...) ადეკვატური აბსტრაქტული მოდელირების საშუალებას იძლევა. ამ მიდგომის საინტერესო გამოყენება იქნება ბუნებრივი ლოგიკის ადაპტირება ბუნდოვან და არაზუსტ ინფორმაციასთან სამუშაოდ. (ბუნებრივი ლოგიკა მაღალი რიგის ჩარჩო-თეორიაა, რომელშიც ლოგიკური მსჯელობა ტარდება პირდაპირ ლინგვისტურ ფორმაზე.)
პროექტით გათვალისწინებული კვლევის შედეგად შექმნილი რაოდენობრივი ლოგიკური გამოყვანის ახალი მოქნილი მეთოდები საინტერესო და სასარგებლო იქნება ცოდნაზე დაფუძნებული სისტემების გამოყენების სხვადასხვა არისთვის.